აუთლეტ ვილიჯი თუ მოლი: რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან

ბოლო ათწლეულში აუთლეტ ვილიჯი, როგორც შოპინგის განსხვავებული ფორმატი, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. ლონდონის მახლობლად მდებარე Bicester Village, იტალიური Serravalle თუ ბარსელონას La Roca ის ადგილებია, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი საყიდლებისა თუ უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სტუმრობს.
ამ გლობალურ ტენდენციას საქართველოც შეუერთდა. „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნა მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ის ამ კონცეფციის პირველი პროექტია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე კავკასიის რეგიონში. ვინაიდან მსგავსი გარემო ადგილობრივი მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ ახალია, ჩნდება კითხვა, თუ რა განასხვავებს მას სტანდარტული სავაჭრო ცენტრებისგან, ანუ მოლებისგან.
ფასწარმოქმნის სპეციფიკა და მუდმივი ფასდაკლებები
სტანდარტულ სავაჭრო ცენტრებში ტანსაცმლის ღირებულება სრული საცალო ფასია, რომელიც ბრენდის ცენტრალური ფილიალების ეტიკეტებზეა მითითებული. ასეთ სივრცეებში ფასდაკლებებს მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს და ისეთ პერიოდებს უკავშირდება, როგორებიცაა „შავი პარასკევი“, დღესასწაულები ან კოლექციების განახლება.
აუთლეტ ვილიჯებში ფასწარმოქმნა განსხვავებულია და კოლექციების დაბალი ღირებულება ხელშეკრულებითაა გარანტირებული. ბრენდები იღებენ ვალდებულებას, რომ მთელი წლის განმავლობაში საწყის ფასთან მიმართებით მინიმუმ 30%-იან სხვაობას შეინარჩუნებენ.
,,თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც" კოლექციების ღირებულება ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე მაღაზიებთან შედარებით სულ მცირე 30%-ით დაბალია, განსაკუთრებული შეთავაზებების პერიოდში კი ის 70%-საც აღწევს.
ასორტიმენტის ტიპი და კოლექციების განაწილება სეზონების მიხედვით
აუთლეტ ვილიჯებში მხოლოდ გასული სეზონის კოლექციებია წარმოდგენილი, რომლებიც ბრენდის მთავარ ფილიალებში აღარ იყიდება. ამრიგად, ღირებულების კლება განპირობებულია დროის ფაქტორით და არა ხარისხის გაუარესებით.
ბოლო წლებში აქტუალური გახდა ე.წ. “made-for-outlet“ პრაქტიკა, როდესაც ბრენდები სპეციალურ ხაზებს მხოლოდ აუთლეტის მაღაზიებისთვის ქმნიან. ზოგიერთ აუთლეტში კი საარქივო და იშვიათი ვინტაჟური მოდელებია ისეთი ბრენდების კოლექციებიდან, როგორებიცაა Vivienne Westwood, Cavalli ან Valentino.
,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" სივრცეში საერთაშორისო გამოცდილებაა გადმოტანილი და წარმოდგენილია გასული სეზონის კოლექციები, სპეციალურად აუთლეტისთვის შექმნილი ხაზები და პერიოდული აქციები. სივრცეში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები: Adidas, Nike, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Levi's, Lacoste, Brioni, Liu Jo, Bimba Y Lola, Adolfo Domínguez და სხვა.
მდებარეობა და დისტანცია ურბანული ნაწილიდან
სავაჭრო ცენტრები ძირითადად ქალაქის შუაგულში ან მის სიახლოვეს არის განთავსებული, რადგან მათი კონცეფცია ყოველდღიურ შოპინგსა და სოციალურ აქტივობებს ითვალისწინებს. აუთლეტ ვილიჯები კი მუდმივად ქალაქგარეთ მდებარეობს. ამ მიდგომით მკაფიოდ იმიჯნება აუთლეტ კონცეფცია და ცენტრალური ფილიალების შეთავაზებები.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯიც“ ამავე პრინციპითაა დაგეგმილი. ის დედაქალაქიდან დაახლოებით 30 წუთის სავალზე, აეროპორტის მიმდებარედ, E60 შემოვლითი გზის გასწვრივ მდებარეობს. მიუხედავად ამ დისტანციისა, ტერიტორიაზე საკმაოდ მარტივად მოხვდები.
არქიტექტურული ფორმა და სივრცის მოწყობის თავისებურება
მეოთხე განსხვავება ვიზუალურ მხარეს ეხება. სტანდარტული მოლი დახურული ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე სართულს მოიცავს, აუთლეტ ვილიჯი კი ღია ცის ქვეშ გაშლილი, ,,სოფლის" კონცეფციით შექმნილი სივრცეა. თავად სახელწოდება village სწორედ ამ არქიტექტურული ფორმიდან მომდინარეობს.
მაგალითად, იტალიური Serravalle Designer Outlet ქვაფენილიანი ხეივნებითა და ბაღებითაა დაპროექტებული, სადაც 230-ზე მეტი მაღაზიაა წარმოდგენილი. Dubai Outlet Village-ის შთაგონების წყარო ტოსკანის გორაკზე მდებარე ქალაქი San Gimignano გახდა.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ არქიტექტურული კონცეფცია ესპანურ სტუდიას, L35 Architects-ს ეკუთვნის, რომელმაც მანამდე ცნობილი La Roca Village და Las Rozas Village დააპროექტა. თუმცა, სივრცე არ არის ევროპული პროექტების პირდაპირი ასლი. მასში ადგილობრივი კონტექსტია ასახული და როცა გვესტუმრები, ვილიჯის ქუჩები თბილისის ისტორიული უბნების ქვაფენილიან ხეივნებს აუცილებლად გაგახსენებს.
ვიზიტის მიზანი და ადგილის კონცეფცია
სტანდარტული მოლი მასობრივი მოხმარების ბრენდებს, რამდენიმე პრემიუმ მაღაზიას, ტექნიკის განყოფილებებსა და სუპერმარკეტებს ერთ სივრცეში უყრის თავს. ამავდროულად, ის სოციალურ ცენტრადაც აღიქმება, რადგან სივრცეში კინოთეატრი, კვების ობიექტები და სხვადასხვა გასართობი სივრცეც არის ხოლმე განთავსებული.
აუთლეტ ვილიჯში ძირითადი აქცენტი ლუქს და პრემიუმ სეგმენტის ბრენდებზე კეთდება. ამის გამო, მაღალი ფასდაკლებების მიუხედავად, სივრცე ექსკლუზიურ ატმოსფეროს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე კვების ობიექტებიც არის, ისინი ვიზიტის მთავარი მიზეზი არასდროს იქნება. აუთლეტში როგორც შენ, ისე სხვა სტუმრები მთელ დღეს შოპინგს დაუთმობთ, გასტრონომიულ სივრცეებს კი მხოლოდ მოგვიანებით, დასასვენებლად და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად ესტუმრებით.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნით საქართველოში, ტრადიციული მოლების პარალელურად, ისეთი სივრცე შეიქმნა, რომელზეც ხელი აქამდე მხოლოდ ევროპაში მოგზაურობისას მიგიწვდებოდა. დღეს კი ეს გამოცდილება შენგან სულ რაღაც 30 წუთის სავალზეა, სადაც აუთლეტური ფასებით შოპინგს, გარდერობის განახლებასა და სასიამოვნო განტვირთვას შეძლებ.
