ბავშვის ტანსაცმელი: საუკეთესო მაღაზიები აუთლეტ ვილიჯში

10 Sep 2026
2
min read

საბავშვო ტანსაცმლის ხარისხს ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს: ქსოვილის შემადგენლობა და კერვის ხარისხი. ამ დეტალებზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული, გამძლე და ბავშვისთვის უსაფრთხო იქნება სამოსი. 

ბლოგში განვიხილავთ, როგორ მოქმედებს ქსოვილის შემადგენლობა და კერვის თავისებურებები სამოსის ხარისხზე. ასევე გაგაცნობთ „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ წარმოდგენილ ბრენდებს, რომელთა კოლექციებიც შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

რომელი ქსოვილები მიიჩნევა ბავშვისთვის უსაფრთხოდ და რატომ? 

ბავშვებში კანის დამცავი შრე ზრდასრულებთან შედარებით გაცილებით თხელია, ამიტომ გარემო ფაქტორების მიმართ უფრო მგრძნობიარეა და ადვილად ღიზიანდება. ამ მიზეზით, საბავშვო ტანსაცმლისთვის ბამბის ქსოვილი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასალაა. ის კარგად ატარებს ჰაერს, რბილია და ალერგიულ რეაქციას იშვიათად იწვევს. ამასთან, ხშირი რეცხვის შემდეგ ქსოვილი კიდევ უფრო რბილი და სასიამოვნო ხდება.

ბამბის გარდა, ბავშვის კანისთვის უსაფრთხო მასალაა ბამბუკის ბოჭკოსგან დამზადებული ქსოვილიც. ის კარგად არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და სწრაფად იწოვს ტენს, ამიტომ მას ხშირად ირჩევენ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ადვილად ოფლიანდებიან ან განსაკუთრებით მგრძნობიარე კანი აქვთ. ცივი ამინდისთვის კარგი მასალაა მერინოს მატყლიც, რომელიც სხეულის სითბოს ინარჩუნებს, ნესტს იწოვს და ჩვეულებრივი მატყლისგან განსხვავებით, კანს ნაკლებად აღიზიანებს. 

სინთეზური მასალები, მათ შორის პოლიესტერი და ნეილონი, ჰაერს ბუნებრივ ქსოვილებთან შედარებით ნაკლებად ატარებს. ასეთი სამოსი სითბოსა და ტენს აკავებს, რის გამოც შესაძლოა კანი გაღიზიანდეს ან გამონაყარი განვითარდეს. ამავე მიზეზით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო შეღებილი ქსოვილების შერჩევისასაც, რადგან უხარისხო საღებავებმა მგრძნობიარე კანზე არასასურველი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. 

რას უნდა დააკვირდე ეტიკეტზე?

ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია ტანსაცმლის ხარისხის შეფასებაში დაგეხმარება, თუ იცი, რომელ დეტალებს მიაქციო ყურადღება. ყიდვისას სამი ძირითადი საკითხი გაითვალისწინე: 

შემადგენლობა: იარლიყზე მითითებულია, რომელი ბოჭკოებისგან არის დამზადებული სამოსი და რა წილი უკავია თითოეულ მათგანს. ბავშვისთვის უმჯობესია, შემადგენლობაში ბუნებრივი ბოჭკო ჭარბობდეს. ამიტომ მოძებნე ისეთი წარწერები, როგორებიცაა 100% Cotton ან 95% Organic Cotton. 

ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი: შესაბამისი ნიშანი მიუთითებს, რომ ქსოვილი მავნე ნივთიერებების შემცველობაზე შემოწმდა. საბავშვო ტანსაცმლის ეტიკეტზე ხშირად შეხვდები OEKO TEX ან GOTS სერტიფიკატს. OEKO TEX ადასტურებს, რომ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების შემცველობაზეა შემოწმებული, ხოლო GOTS ორგანული ბოჭკოს გამოყენებასა და წარმოების გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვაზე მიუთითებს. 

მოვლის ინსტრუქცია: ეტიკეტზე დატანილი სიმბოლოებიდან გაიგებ, რა ტემპერატურაზე და რეჟიმზე უნდა გარეცხო, გააშრო ან გააუთოო ტანსაცმელი, რათა მან ფორმა და ფერი დიდხანს შეინარჩუნოს. 

მას შემდეგ, რაც სასურველ სამოსს ამ კრიტერიუმებით შეარჩევ, „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ვიზიტამდე სპეციალურ შეთავაზებებსაც გადახედე. ასე წინასწარ გაიგებ, რომელ მაღაზიებში მოქმედებს ფასდაკლება და შენთვის საინტერესო კოლექციების დათვალიერებას უკეთ შეძლებ. 

როგორ ამოიცნო, ხარისხიანად არის თუ არა შეკერილი ბავშვის ტანსაცმელი? 

ბავშვები გამუდმებით მოძრაობენ, დაცოცავენ და თამაშობენ, ამიტომ მათი ტანსაცმელი ადვილად ისვრება და ხშირად ირეცხება. ამის გამო ქსოვილის შემადგენლობასთან ერთად ყურადღება კერვის ხარისხსა და სამოსის გამძლეობასაც უნდა მიაქციო. 

ხარისხიანად შეკერილ ტანსაცმელს სწორი, მჭიდრო და სუფთად დამუშავებული ნაკერები აქვს. ზოგიერთ მოდელში ის ადგილები, რომლებიც მოძრაობისას ყველაზე მეტად იტვირთება, დამატებით არის გამაგრებული. მაგალითად, შარვლის მუხლებზე ან სვიტერის იდაყვებზე შესაძლოა ზამშის ან ტყავის დეტალები შეგხვდეს.

ჩვილებისა და პატარებისთვის განკუთვნილ სამოსზე ბრტყელ ნაკერებსაც დააკვირდი, რადგან ისინი ნაზ კანს ნაკლებად აღიზიანებს. ასევე შეამოწმე, არის თუ არა ქსოვილი წინასწარ დამუშავებული შეკუმშვის შესამცირებლად. ასეთი სამოსი ხშირი რეცხვის შემდეგაც უკეთ ინარჩუნებს თავდაპირველ ფორმასა და ზომას. 

რა დეტალებს უნდა მოერიდო ბავშვის ტანსაცმლის შერჩევისას?  

ღილები, მძივები და ლითონის მცირე დეტალები ტანსაცმელს შესაძლოა მოსწყდეს, ბავშვმა კი პირში ჩაიდოს ან გადაყლაპოს. ამიტომ ყიდვისას შეამოწმე, რამდენად მყარად არის დეკორაციები ქსოვილზე დამაგრებული. კიდევ უფრო უსაფრთხოა ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც მსგავსი ელემენტები საერთოდ არ აქვს. 

საფრთხის შემცველია კისერთან ან კაპიუშონთან დამაგრებული თასმებიც. თამაშისა და მოძრაობის დროს ისინი შესაძლოა სხვადასხვა საგანს გამოედოს, ამიტომ პატარა ბავშვებისთვის უმჯობესია, ასეთი დეტალების გარეშე შეკერილი სამოსი შეარჩიო. 

შეარჩიე ხარისხიანი საბავშვო ტანსაცმელი „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ 

ხარისხიანი საბავშვო ტანსაცმლის ამოცნობა რთული არ არის, თუ იცი, რომელ დეტალებს უნდა დააკვირდე. ქსოვილის შემადგენლობის, ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის, ნაკერებისა და მცირე ელემენტების შემოწმებით შეარჩევ სამოსს, რომელიც ბავშვისთვის კომფორტული, გამძლე და უსაფრთხო იქნება.

„თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ რამდენიმე ცნობილი ბრენდი დაგხვდება, რომელთა საბავშვო კოლექციებში ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი მოდელებია წარმოდგენილი: 

  • Monnalisa იტალიური ბრენდია, რომლის კოლექციები ხარისხიანი ქსოვილებით, გამორჩეული ფერებითა და საინტერესო დეტალებით იქმნება. 
  • Benetton-ის საბავშვო კოლექციებში ბუნებრივი ბამბის ქსოვილები, მკვეთრი ფერები და თავისუფალი სტილის სამოსი ჭარბობს. 
  • Geox-ის საბავშვო ფეხსაცმელი აქტიური მოძრაობისა და ყოველდღიური ტარებისთვის იქმნება, დიზაინში კი კომფორტსა და უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ეთმობა. 
  • Kids Gallery-ში სხვადასხვა ასაკისა და სტილისთვის განკუთვნილი საბავშვო ტანსაცმლის მრავალფეროვანი მოდელები დაგხვდება. 

სასურველი მოდელების მოსაძებნად და შესადარებლად შორს წასვლა არ დაგჭირდება. წინასწარ გაეცანი ბრენდების სრულ ჩამონათვალს ვებგვერდზე, შემდეგ კი ეწვიე „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“ და ბავშვისთვის სასურველი სამოსი ერთ სივრცეში შეარჩიე.

ნახე მისამართი რუკაზე

მსგავსი სტატიები