როგორ უნდა შეარჩიო ორიგინალი სპორტული ფეხსაცმელი და ამოიცნო ყალბი მოდელები?

სპორტული ფეხსაცმლის შერჩევისას, ალბათ, შენთვისაც ნაცნობია სიტუაცია, როცა მოდელიც მოგწონს და ფასიც მისაღებია, მაგრამ მოულოდნელად ეჭვი გიჩნდება, ნამდვილად ორიგინალს ყიდულობ თუ არა. მსგავსი ფიქრები სრულიად საფუძვლიანია, რადგან გაყალბების ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება და ორიგინალისგან მათი შეუიარაღებელი თვალით გარჩევა უკვე საკმაოდ რთულია.
დღეს ბაზარზე ყველაზე ხშირად სწორედ ფეხსაცმელს აყალბებენ, შესაბამისად, შენი უნდობლობა ყიდვის მომენტში სრულიად ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა ორიგინალ პროდუქციას ყოველთვის აქვს კონკრეტული მახასიათებლები, რითაც ის პატენტისგან განსხვავდება.
ამ ბლოგში იმ დეტალებზე მოგიყვებით, რომლებიც ფეხსაცმლის ამოცნობაში დაგეხმარება. სტატიის ბოლოს კი გაგიზიარებთ ადგილს, სადაც საყვარელ მოდელებს მშვიდად, ზედმეტი გადამოწმების გარეშე შეიძენ.
რატომ აქვს მნიშვნელობა, ფეხსაცმელი ორიგინალია თუ არა
სპორტულ ფეხსაცმელს ადამიანები მხოლოდ ვიზუალის გამო არ ირჩევენ. მისი მთავარი დანიშნულება სირბილის ან ვარჯიშის დროს ფეხის მყარად დაფიქსირება და დატვირთვის შემსუბუქებაა. ყალბი პროდუქციის შეძენისას კი ზუსტად ამ მთავარ უპირატესობებზე გიწევს უარის თქმა.
ცნობილი ბრენდები ახალ მოდელებს ლაბორატორიულ პირობებში ხანგრძლივად ამოწმებენ. იმიტაციების შემქმნელები ამ რთულ ეტაპს არ გადიან და ქმნიან ფეხსაცმელს, რომლის ძირიც რამდენიმე კვირაში ფორმას იცვლის და ამორტიზაციის უნარს კარგავს.
Acviss-ის კვლევებიც ადასტურებს, რომ ასლებს არ გააჩნია სათანადო ამორტიზაციის სისტემა. ამიტომ სიარულისას ან ვარჯიშისას მთელი დატვირთვა სახსრებსა და ზურგზე ნაწილდება. ამ ყველაფერმა კი დროთა განმავლობაში ფეხის ტკივილი და საკმაოდ სერიოზული ტრავმები შეიძლება გამოიწვიოს.
ტექნოლოგიების მნიშვნელობა ძალიან კარგად ჩანს Geox-ის მაგალითზე. ბრენდის დამაარსებელს უნიკალური იდეა მაშინ დაებადა, როდესაც ნევადის უდაბნოში სიცხისგან შეწუხებულმა, ჰაერის უკეთ ცირკულირებისთვის, ფეხსაცმლის ძირი დანით გახვრიტა. დღეს კომპანია მიკროპერფორირებულ ძირებსა და სპეციალურ მემბრანას იყენებს, რომელიც ნესტს გარეთ გამოდევნის, გარედან კი წყალს არ ატარებს. ყალბ მოდელებში ეს ტექნოლოგიური კომპონენტი არ არსებობს, არადა მომხმარებელი ამ ბრენდს ზუსტად აღნიშნული თვისების გამო ირჩევს.
კოდი – ყველაზე საიმედო შესამოწმებელი ნიშანი
ფეხსაცმლის ავთენტურობის ამოცნობის ყველაზე საიმედო გზა მისი უნიკალური ნომრის შემოწმებაა. წესის მიხედვით, თითოეულ მოდელს, ფერსა და ზომას ინდივიდუალური კომბინაცია უნდა ჰქონდეს. ყალბი პროდუქციის შემქმნელისთვის კი თითოეულ წყვილზე ცალკე სერიული ნომრის მინიჭება ფინანსურად წამგებიანია. შესაბამისად, ასეთი წარმოებისას იარლიყზე დატანილი მონაცემები ყუთზე არსებულ ინფორმაციას არ ემთხვევა ან ბრენდის ოფიციალურ ბაზაში საერთოდ არ იძებნება.
Nike-ის შემთხვევაში ფეხსაცმლის ენაზე ან ქუსლთან ცხრანიშნა კოდი წერია. ეს ციფრები აბსოლუტური სიზუსტით უნდა იმეორებდეს ყუთზე მითითებულ მონაცემებს. გარდა ამისა, ინტერნეტში ამ კომბინაციის ძიებისას ზუსტად იგივე ვიზუალისა და ფერის პროდუქტი უნდა გამოგიჩნდეს. თუ საძიებო სისტემამ სრულიად სხვა დიზაინი აჩვენა, ეჭვგარეშეა, რომ ნივთი ორიგინალი არ არის.
Adidas-ის ფეხსაცმელზე შესამოწმებელი ინფორმაცია ენის შიდა მხარესაა დატანილი. მისი გადამოწმება პირდაპირ ბრენდის ოფიციალურ საიტზე შეგიძლია. თუ ძიების შედეგად გვერდი ცარიელი დარჩა ან ეკრანზე გამოსახული ფერი შენ მიერ შერჩეულ წყვილს არ დაემთხვა, სავარაუდოდ, გაყალბებული მოდელი შეიძინე.
Puma-ს თითოეულ პროდუქტს შვიდი ან რვა ნიშნიანი ნომერი აქვს, რომლის მოძებნაც კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. ორიგინალობის დასადასტურებლად აუცილებელია, რომ ეს კონკრეტული კომბინაცია თავად ფეხსაცმელსაც და მის ყუთსაც უცვლელად ეწეროს.
ლოგო, ნაკერი და წონა ის მთავარი დეტალებია, რომლებიც ფეხსაცმელზე ბევრს ამბობს
კოდის გარდა, ნივთის ორიგინალობის დადგენა უბრალო დაკვირვებითა და ხელით შეხებითაც შეგიძლია. ბრენდის სიმბოლო ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია. მაგალითად, Adidas-ის ავთენტურ მოდელებზე ემბლემა ენაზე ყოველთვის ამოტვიფრულია და არ არის უბრალო სტიკერი დაკრული. რაც შეეხება Puma-ს, მისი ცნობილი ნახტომი მასალასთან ერთადაა ჩამოსხმული.
ყურადღება აუცილებლად მიაქციე ნაკერებსაც. ორიგინალ პროდუქციაზე ისინი სუფთა და აბსოლუტურად თანაბარია, გამოძენძილი ძაფებისა თუ გამრუდებული ხაზების გარეშე. გადამოწმების კიდევ ერთი მარტივი გზა ორივე ცალის ერთმანეთთან შედარებაა. ნამდვილ წყვილზე ყველა წვრილმანი იდენტური უნდა იყოს, რადგან ორიგინალის წარმოებისას თითოეული დეტალი იდეალური სიზუსტით იქმნება.
საკმაოდ მნიშვნელოვანია პროდუქტის წონაც, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელში ყოველთვის იდეალურად უნდა იყოს შერჩეული. ამის საპირისპიროდ, ყალბი ვერსია ხშირად ან საეჭვოდ მსუბუქია, ან, პირიქით, ზედმეტად მძიმე და ხისტი. გარდა ამისა, იმიტაციებს ზოგჯერ მძაფრი ქიმიური სუნიც ასდის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფეხსაცმელი იაფფასიანი მასალისგან არის დამზადებული.
საეჭვოდ დაბალი ღირებულება
პროდუქციის ღირებულებაც საკმაოდ ბევრ რამეზე მეტყველებს. თუ ძალიან პოპულარულ და ახალ კოლექციას ბაზარზე არსებულ სტანდარტულ ფასზე საგრძნობლად იაფად წააწყდი, დიდი ალბათობაა, რომ ყალბ ნივთთან გქონდეს საქმე. მოთხოვნადი და ახალი მოდელი მოულოდნელად ასე მკვეთრად ვერ გაიაფდება. თუ გამყიდველი ამას მაინც გთავაზობს და თან ოფიციალურ წარმომადგენლად ასაღებს თავს, სიფრთხილე გმართებს.
თუმცა დაბალი ღირებულება ყოველთვის არ არის ეჭვის საფუძველი. მაგალითად, ავტორიზებული მაღაზიები გასული სეზონის მოდელებზე ხშირად საკმაოდ კარგ ფასდაკლებებს აცხადებენ. ასეთ დროს საყვარელი სპორტული ფეხსაცმლის შეძენა გაცილებით ხელსაყრელ ფასად სრულიად რეალურია. ამიტომ მთავარია, ყურადღება უშუალოდ მაღაზიის სანდოობაზე გაამახვილო და მხოლოდ ფასს არ ენდო.
სად შეიძენ სპორტულ ფეხსაცმელს ხელსაყრელ ფასად ისე, რომ მის ავთენტურობაში ეჭვი არ შეგეპაროს?
აქამდე განხილული ყველა დეტალი საბოლოოდ ერთ ლოგიკურ დასკვნამდე მიგვიყვანს – ნივთის ორიგინალობის ყველაზე საიმედო გარანტია მისი შეძენის ადგილია. ავტორიზებულ მაღაზიებში პროდუქცია უშუალოდ მწარმოებლისგან შემოაქვთ, ამიტომ ასეთ დროს სერიული ნომრები ყოველთვის იდენტურია, ბრენდის სიმბოლო ზუსტ ადგილასაა დატანილი და ნაკერებიც იდეალურად გამოიყურება.
დღესდღეობით გაყალბების ტექნიკა იმდენად დაიხვეწა, რომ იმიტაციები ხშირად გამოცდილ ექსპერტებსაც კი აბნევს. მსგავს ვითარებაში ოფიციალურ წარმომადგენელთან სტუმრობა ბევრად უკეთესი გამოსავალია, ვიდრე ნივთის მხოლოდ საკუთარი თვალით შემოწმება.
მაგალითად, „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Nike, Adidas, Puma და Geox, საკუთარი ოფიციალური მაღაზიები აქვთ. ვინაიდან აქ წარმოდგენილი თითოეული წყვილი პირდაპირ ბრენდის ოფიციალური ქსელიდან შემოდის, კოდის, ლოგოსა თუ ნაკერის დეტალური შესწავლა საერთოდ აღარ დაგჭირდება. შესაბამისად, შეგიძლია მშვიდად აარჩიო საყვარელი დიზაინი და მის ხარისხში დარწმუნებული იყო.
ესტუმრე „თბილისი აუთლეტ ვილიჯს“
„თბილისი აუთლეტ ვილიჯამდე“ ავტომობილით ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთში მიხვალ, ადგილზე კი დიდი და უფასო საპარკინგო სივრცე დაგხვდება.
აუთლეტი ყოველდღე გიმასპინძლებს. სპორტული ხაზის გარდა, აქ ტანსაცმლის, კლასიკური ფეხსაცმლისა და აქსესუარების 40-ზე მეტ მაღაზიას იპოვი და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობას შეძლებ. სხვადასხვა ბრენდის ერთ სივრცეში შედარება ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ქალაქის სხვადასხვა წერტილში ცალ-ცალკე სიარული.
.jpg)

